საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - კოლომინა პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.


"ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი.


განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე," - ნათქვამია ინფორმაციაში.