ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაამარტივოს ტაივანელი მოქალაქეებისათვის საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურა. ახლა, ჩვეულ ვითარებაში, ტაივანელებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვთ.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი თავის საიტზე წერს: „საქართველოს მთავრობა არ არის მეგობრულად განწყობილი ტაივანის მიმართ. ძალიან რთულია ტაივანელებისათვის ვიზის მიღება, თუკი არ ხართ მიწვეული საერთაშორისო კონფერენციაზე, ან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე.“
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კითხვაზე, ჰქონია თუ არა ტაიბეის საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია, მინისტრი ჯოზეფ ვუ აცხადებს, რომ მართალია, ტაივანს ფორმალური კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია საქართველოს მთავრობასთან, თუმცა მცდელობა არ დაუკლია:
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრაქტიკული, რეალური, შინაარსობრივი ურთიერთობები საქართველოსთან. არაერთხელ გვიცდია [კომუნიკაცია] ბიზნესმენების დახმარებით თუ სხვა არხებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ტაივანს,“ - განაცხადა მინისტრმა ვუმ 5 დეკემბერს ტაიბეიში, საგარეო სამინისტროში ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად პრესკონფერენციაზე „თავისუფლების“ კითხვაზე პასუხად.
„გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ საქართველოს, იფიქროს თავისუფალ, დემოკრატიულ ტაივანზე, რომელიც ძალიან კარგი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს,“ - განაცხადა ტაივანის საგარეო მინისტრმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს საკუთარ ტერიტორიად და სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს და მისი მიზანი კუნძულზე კონტროლის დამყარებაა. დღეს ტაივანი აშშ-ჩინეთის განხეთქილების ვაშლად განიხილება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში ტაივანი ცალკეა გამოყოფილი, მაგრამ მოხსენიებულია, როგორც ჩინეთის პროვინცია. 2023 წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვამ - იმპორტმა და ექსპორტმა - $17.5 მლნ-ს მიაღწია.
ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 80-ჯერ მეტია, ვიდრე ტაივანთან - $1.4 მილიარდი. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მე-4 ადგილზეა და მასთან ვაჭრობა ბოლო წლებში იზრდება.
საქართველოს მიერ ტაივანის არაღიარების (მათ შორის პასპორტების არაღიარების) პოლიტიკა ეფუძნება ნულოვანი ინტერაქციის პოლიტიკას არაღიარებულ რეჟიმებთან; ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო სამართლის სუბიექტ სუვერენულ ქვეყნებთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას.
ჰენლის პასპორტების ინდექსის გლობალურ რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის პასპორტების სიძლიერეს ზომავს, ტაივანი 33-ე ადგილს იკავებს - ტაივანის მოქალაქეებს მოგზაურობა 143 ქვეყანაში შეუძლიათ - როგორც უვიზო რეჟიმით, ასევე ელექტრონული ვიზით, ან საზღვარზე ვიზის გაცემით.