- NATO აღიქვამს ჩინეთს, როგორც გამოწვევას, თუმცა მას რუსეთს არ ადარებს.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან უპასუხა მედიის შეკითხვას, თუ როგორ აღიქვამს ალიანსი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას. მან გაიმეორა ალიანსის პოზიცია, NATO ჩართულია პეკინთან, თუმცა საჭიროა ბალანსი პეკინთან ურთიერთობისას იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთი უსაფრთხოების კუთხით გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არ უნდა შეიქმნას მის ეკონომიკაზე დამოკიდებულების რისკი.
„ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია თბილისში ჩემი ვიზიტების დროს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. ჩვენ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს.
და ამ თვალსაზრისით, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია, პარტნიორი იყოს, შეუძლია, გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. NATO ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ჩინეთი წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ [ჩინურ] ინსევსტიციას შეუძლია.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა, დამპყრობელია. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების ნაწილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია.
მათ იციან და მათ უნდა იცოდნენ რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, დამოკიდებულებების (ჩინეთზე, რედ.) შექმნის რისკები, განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.“