მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო.

„მინდა, ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მინდა, რომ ვუთხრა 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, ჩვენ ეს სტატუსი რომ არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციაზე მუდმივად. რუსული „აგენტების კანონი“ შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენს გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა აიძულა ამ დოკუმენტის უკან გახმობა, რამაც ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაუხსნა გზა.

ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი - ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს.


სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.


დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.