მოლდოვამ თავისი ცის დასაცავად, პირველი ახალი თაობის რადარი მიიღო

მოლდოვას გადასცეს თანამედროვე საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომელიც ქვეყანამ ფრანგული კომპანია THALES-ისგან შეისყიდა.

ამის შესახებ მოლდოვის გამოცემა Newsmaker იტყობინება.

თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსატიის თქმით, ეს რადარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლდოვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. სისტემა მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის მთელ საჰაერო სივრცეს და შეავსებს ეროვნული არმიის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვის ღონისძიებებს.

„ამჟამინდელ რეგიონულ კონტექსტში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ბოლო ინციდენტებმა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევით, ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე,” - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


მოლდოვამ რადარი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის თანხებით იყიდა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ საინფორმაციო და ლოგისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს, რაკეტის ფრაგმენტები არაერთხელ დაეცა მოლდოვის ტერიტორიაზე. იანვარში მოლდოვამ თავის მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, რათა თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გაეძლიერებინა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. 2023 წელს მოლდოვის თავდაცვის ხარჯები თითქმის 70%-ით გაიზარდა.