აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ რუსული ნავთობის შემოსავლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდგომ ეტაპზე გადადის, რომელიც მიმართულია რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე დაწესებული “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის არდაშვებასა და ასეთ ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებაზე.
ცვლილებები მიმართულია ატესტაციის პროცესების გამკაცრებაზე და ნავთობის ტრანსპორტირების გარკვეული პროვაიდერების ინფორმაციის შენახვაზე.
დამატებით აშშ-მ სანქციები შემოიღო გემის მფლობელი SUN Ship Management კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დარეგისტრირებული და სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო კომპანია “სოვკომფლოტს” მიეკუთვნება.
სანქციები ასევე შეეხო რუსული ნავთობის სამ ტრეიდერს, რომლებიც მოსკოვს ჰონგ-კონგიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის საშუალებას აძლევდნენ.
ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.
დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ.
რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.