თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში ისარგებლონ

თბილისის მერია COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულებას ტრანსპორტში შსს-ც ზედამხედველობს.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სადგურების შესასვლელებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს პირბადეების გამოყენებას შეხსენებენ.„იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მთავრობის განკარგულებით, პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 342 აჭარიდანაა. ინფიცირებულთა რიცხვი თბილისში 277-ია. ბოლო დღე-ღამეში 11 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 124-ს მიაღწია.