„გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურის მიზანი ყოველთვის იყო და არის სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით. სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად წარიმართა მოცემულ შემთხვევაშიც სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკანორ მელიას მიმართ.მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას.
ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი, რასაც ბრალდება ყოველთვის უსვამდა ხაზს არამარტო სიტყვით, არამედ ამ მიმართულებით მიღებული თითოეული გადაწყვეტილებითა და განხორციელებული ქმედებით. უფრო მეტიც, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობამ განაპირობა, ვინაიდან მის მიერ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას არ შეეცვლებოდა გირაო პატიმრობით. მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა - ის, რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა.
დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.