მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ღარიბაშვილს: მადლობას გიხდით თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის

"მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას", - აღნიშნული განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილს უგზავნის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თქმით, საამაყოა, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია. ვამაყობ, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ჩვენი მყისიერი მხარდაჭერა ეხმარება საქართველოს COVID-19-ზე მტკიცე პასუხის გაცემაში. გისურვებთ წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან და მინისტრთა კაბინეტთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური აღდგენის რთულ პროცესში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.