ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის კრიზისის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„განხილულ იქნა სომხეთში არსებული ვითარება. პუტინმა ისაუბრა სომხეთში წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნების, კანონის ფარგლებში ვითარების მოგვარების სასარგებლოდ. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე მოუწოდა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

სომხეთში ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.