24 დეკემბერს, გამთენიისას, ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, წააქცია მაღალი, მრავალწლიანი ხეები და ელექტროგადამცემი და გარე განათების ბოძები;
დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი კორპუსები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები.
ბათუმის მერიის ცნობით, „მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები“ და ოპერატიულად მუშაობენ, რათა წაქცეული ხეებისგან და ბოძებისგან გზები გაწმინდონ.
აჭარაში უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც.
საქართველოს რკინიგზის პრესცენტრის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. რის შედეგადაც რამდენიმე რეისია შეყოვნებული.
პრობლემები შეეხო ბათუმი-თბილისის რეისს, რომელიც 08:10 საათზე უნდა დაძრულიყო.
„ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება,“ - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
რკინიგზის ცნობით, „სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ და საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.“
ცნობისთვის, სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც.