ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს

ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL Neftohim Burgas-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს, თუ კონკრეტული წინადადება იქნება მიღებული. Euronews Bulgaria-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა ბულგარეთში, ჰუსეინ ჰუსეინოვმა განაცხადა.


„თუ შეთავაზება იქნება ბურგასში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესაძენად, სოკარი (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) და ჩვენი მთავრობა მზად არიან განიხილონ ეს,“ აღნიშნა ელჩმა.


მანვე განმარტა, რომ არსებითი განხილვისთვის უნდა იყოს კონკრეტული წინადადება, „რომელიც ჯერ არ არსებობს.“

LUKOIL-მა ბულგარეთში ოპერირება 1999 წლის ოქტომბერში დაიწყო და ბურგასის გადამამუშავებელი ქარხნის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, რომლის სიმძლავრე 8,8 მილიონი ტონაა.