ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობაზე სტატიას აქვეყნებს

დეკემბრის ბოლოს, საქართველოში ონლაინ კლინიკის მეშვეობით სამედიცინო მომსახურება 5000-ზე მეტმა კოვიდ პაციენტმა მიიღო, - აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაქმოქვეყნებულ სტატიაში, საუბარია კახეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინ კლინიკაში დანერგილ საპილოტე პროექტსა და მის შემქმნელზე, ამერიკაში მომუშავე ქართველ ნევროლოგზე, დავით მრელაშვილზე.

დავით მრელაშვილმა ონლაინ კლინიკა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

„ინდივიდუალურ პაციენტებს, მომსახურების მისაღებად, შეუძლიათ ექიმს სმარტფონის საშუალებით დაუკავშირდნენ, ხოლო ზოგადი, პროტოკოლის საფუძველზე, გარკვეული რჩევების ატვირთვა სამედიცინო პროგრამის სტუდენტებს პლატფორმაზე შეუძიათ”, - განმარტავს დოქტორი მრელაშვილი. მისი თქმით, "ადრე ექიმებს უწევდათ სატელეფონო ზარების პასუხი, შენიშვნების დაწერა და თითოეული პაციენტისთვის საკითხის ინდივიდუალურად განმეორება. ახლა ექიმის ყველაზე სასწრაფო მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად დრო აღარ ეკარგება.

ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და უფრო მეტად გახადოს ადამიანების საჭიროებებზე მორგებული“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც სტატიაში დავით მრელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.

„ამ სისტემის გამოყენებით ექიმებს შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების სხვადასხვა ოთახში მოხვდნენ და გადაწყვეტილებები 30 წამში მიიღონ. შესაბამისად, რატომ უნდა წავიდეთ ექიმთან პერსონალურ შეხვედრაზე? იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებას საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში გააუმჯობესებს“, - განუცხადა დავით მრელაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.