დასავლეთი თუ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რუსეთი შესაძლოა, NATO-ს წევრებს დაემუქროს - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია წამოიწყოს, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. ნაუსედას განმარტებით, „ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის სცენარზე.“

ამასთან, ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის ალბათობა მცირეა.


ნაუსედას თქმით, „არავის აქვს პასუხი კითხვაზე, როდის შეიძლება, შეიცვალოს რუსეთის ქცევა და როდის მიმართავს მზერას NATO-სკენ. 

„რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „არ დაკმაყოფილდება შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით“ და მას ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე სურს,“ განაცხადა უფრო ადრე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა Guardian-თან ინტერვიუში.


ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“


„მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბორელმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის არსებობა საფრთხეშია.

„შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ საფრთხეს, რომელიც მოდის დიდი ძალისგან, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება არამხოლოდ უკრაინას, არამედ, თავად ევროპას და ჩვენ თუ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას, რომელიც ხდება ღაზაში, ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან დაზიანდება,“ - აღნიშნა ბორელმა.