საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ იყო პრეზიდენტი მიწვეული ელჩების კონფერენციაზე.
დარჩიაშვილის თქმით, ელჩების კონფერენცია აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ხელისუფლების ორი შტო: საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდნენ შედეგის მისაღწევად და შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირმა მიმართ ელჩებს.
„წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით, ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, მუშაობდნენ ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი,“ - განაცხადა მინისტრმა.