აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს.


ელჩს პროტესტი გამოუხატეს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაქოს შეფასებით, არ შეესაბამებიან მათ დიპლომატიურ სტატუსს და ეწინააღმდეგებიან ვენის კონვენციას. ამასთან, საფრანგეთის ელჩს აცნობეს, რომ ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ პერსონა ნონგრატად გამოაცხადა.

ამ პირებს 48 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადაეცა.

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად, რა ქმედებამ გამოიწვია ბაქოს პროტესტი.