აშშ-მა სირიაში ირანის მხრიდან დაფინანსებული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.
პენტაგონის თქმით, იერიში ამ თვის დასაწყისში ერაყში ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.
როგორც ცნობილია, სირიაში საჰაერო იერიშის განხორციელება თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის რჩევა იყო, გადაწყვეტილება კი ჯო ბაიდენმა მიიღო.
ეს აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის პირველი სამხედრო განკარგულება იყო.
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს იერიში მხოლოდ ერაყში მომხდარი თავდასხმის პასუხი კი არ ყოფილა, არამედ ეს იყო ქმედება რეგიონში მყოფი აშშ-სა და კოალიციის ძალების დასაცავად.
"იერიშმა გაანადგურა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტთან მყოფი რამდენიმე ობიექტი, რომელთაც ირანის მხარდაჭერის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სამხედრო დაჯგუფება იყენებდა, ქათა'იბ ჰეზბოლასა და ქათა'იბ საიდ ალ-შუჰადას ჩათვლით. ოპერაცია ერთმნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს. პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკის კოალიციის ძალების დასაცავად იმოქმედებს. ამავდროულად, ჩვენი ქმედება მიმართული იყო საერთო სიტუაციის დეესკალაციისკენ, როგორც აღმოსავლეთ სირიაში, ისე ერაყში." - განაცხადა კირბიმ.