რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას დრეზინათი ტოვებენ

რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას დრეზინათი (რკინიგზის პატარა ვაგონი (ურიკა), რომელიც მოძრაობს ძრავით (ავტოდრეზინა) ან ხელით) ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში მყოფი რუსეთის საელჩოს 8 წარმომადგენელი, ოჯახის წევრებთან ერთად, 25 თებერვალს რუსეთში დაბრუნდა.

ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნებთან სატრანსპორტო მიმოსვლა აკრძალა. გასული წლის დასაწყისიდან მატარებლებს და ვაგონებს ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა და გასვლა. შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო ფრენების უმეტესობაც.

„რადგან უკვე წელზე მეტია, რაც საზღვრები ჩაიკეტა, ხოლო სამგზავრო მიმოსვლა შეწყდა, სახლში დაბრუნება მათ სხვა რთული და გრძელი გზით მოუხდათ. თავდაპირველად, 32 საათი მატარებელში, შემდეგ ორი საათი ავტობუსში საზღვრამდე და ბოლოს იყო, ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთი - საფეხმავლო გასასვლელი რუსულ საზღვარზე.

ამისთვის საჭირო იყო ურიკის მოწყობა, მისი რელსებზე დაყენება, მასზე ნივთების დალაგება და მათ შორის, ბავშვების დასმა,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.