15 წლის მოზარდმა იმშობიარა, დაწყებულია გამოძიება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 26 დეკემბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  გოგო კლინიკაში შიდა ქართლის დედათა და ბავშვთა ერთ-ერთი თავშესაფრიდან გადაიყვანეს.


საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე, არსებობდა ასევე ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი თავის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.