რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვამ 28 დეკემბერს ღამით ყირიმის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა და საოკუპაციო რეჟიმმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა დრონების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ორმა რუსულმა გემმა ფეოდოსია დატოვა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იერიში მიიტანეს. იუწყებოდა რადიო თავისუფლება/ევროპა 27 დეკემბერს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული სადესანტო გემი Novocherkassk-ი, რომელიც ფეოდოსიაში იყო განთავსებული უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ გემი არა დაზიანდა, არამედ, განადგურდა და არა დაზიანებული.
დამოუკიდებელ რუსულ საინფორმაციო რესურს Agentstvo-ს ცნობით, თავდასხმის დროს სულ მცირე ორი ოფიცერი იმყოფებოდა სადესანტო გემზე Novocherkassk-ი. გემის მეთაურმა ნიკოლაი სტეპანენკომ Agentstvo-ს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
უკრაინამ არაერთხელ დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მათ შორის, ჩაძირა ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა.“ ასევე, აღსანიშნავია დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა ფლოტის შტაბ-ბინაზე ოკუპირებულ ყირიმში, რომლის შედეგადაც, 30-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.