საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
როგორც საუბრის დროს, პრემიერმა განაცხადა, მსოფლიოში ვაქცინის მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის გათვალისწინებით, საქართველოს სჭირდება ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა, ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას, პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. ღარიბაშვილმა ჯანმო-ს ხელმძღვანელთან ასევე ისაუბრა, ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.
აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ქვეყანაში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა, სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.
მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.