პარლამენტთან, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ.
პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიას წერილი წაუკითხა.
როგორც ნიკა მელია წერს, რომ მისგან "თავისუფლების ქირა" და ხარკი მოითხოვეს, მან მთავრობას უთხრა, რომ "თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო".
"მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია, რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ.
ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მე ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ნება, მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება, ვიცი რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველ გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას", - დაწერა ნიკა მელია თავის წერილში.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები, პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლებენ.
ამავდროულად, დაანონსდა ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯებიც.
აქციაზე, 2 მარტს, ოპოზიციამ საქართველოს პარლამეტის პიკეტირება დააანონსა. 5 მარტს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს.
9 მარტს აქციას გამართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო 11 მარტს სასამართლოსთან.
13 მარტს, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გეგმავს პარლამენტთან შეკრებას.