აშშ-ის ოფიციალური პირი: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ Europetime-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ვაშინგტონი ქართველი ხალხისადმი მთავარ გზავნილში ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური-დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ბოლო 31 წლის განმავლობაში.


  • „შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი მთავარი გზავნილი საქართველოსა და ქართველებისთვის შემდეგია: შეერთებული შტატები 31 წელზე მეტია, საქართველოსთვის ასეთი ძლიერი პარტნიორია. ამასთანავე, შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ბოლო 31 წლის განმავლობაში. ამდენად, ვფიქრობთ, ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან, ისწრაფვიან რა ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.

დიდი ხანია, საქართველო NATO-სკენ ისწრაფვის. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის.

შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა უზრუნველყოს,“ - განუცხადა Europetime-ს ანონიმურობის პირობით ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ქვეყნის მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშველობას გაუსვა ხაზი.

ასევე გაეცანით: შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან