ლიეტუვა მზადაა საქართველოში მედიაციისთვის, რომ მხარეებმა დიალოგსა და კონსენსუსს მიაღწიონ

"ლიეტუვა მზადაა საქართველოში მედიაციისთვის, რომ მხარეებმა დიალოგსა და კონსენსუსს მიაღწიონ", ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედასმა თავის წერილში ისაუბრა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

წერილში, ლიტუვის პრეზიდენტი წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობაზე და რეპრესიებზე საუბრობს.

"ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ დაიპყრო ახლად დაარსებული დემოკრატიული რესპუბლიკა - შეაჩერა ქართველი ხალხის ამბიციური გადაწყვეტილება და მათი გამართლებული სურვილი, გახდეს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. მოვლენების სამწუხარო მონაკვეთში, საქართველო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გახდა საბჭოთა იმპერიის ნაწილი.

მიუხედავად ამ ტერორისა, ხალხი ინარჩუნებდა თავისუფლების სულისკვეთებას, ზოგჯერ ფარულად ან იატაკქვეშეთში, თუმცა სანუკვარი და მტკიცედ დაცული. ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ ააღორძინა ეს სულისკვეთება, რამაც დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე მიიყვანა - კიდევ ერთხელ მოიპოვა შესაძლებლობა საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრი გამხდარიყო

ლიტვას ესმის ოკუპაციებისა და რეპრესიებისგან მოტანილი უზარმაზარი ტკივილი, თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა", - აღნიშნულია წერილში.

გიტანას ნაუსედა წერილში, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავების საკითხსაც ეხმიანება, რამაც, მისი თქმით, დიდი შეშფოთება გამოიწვია.

"სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია. პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეტანხმება შესაძლებელია მხოლოდ მხარეებს შორის ნამდვილი დიალოგის საშუალებით.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური მიზნები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთობასა და შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის კონსტრუქციულ და მუდმივ დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის გადალახვას. ლიეტუვა მზადაა მედიაციისთვის ყველა მხარეს შორის დიალოგისა და კონსენსუსის მოსაძიებლად" - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.