წლებია, რუსეთი თავისი შავი ზღვის ფლოტით, ყირიმშია ბაზირებული. ახლა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ფლაგმანი საზღვაო ცენტრის დაკარგვის საფრთხე ექმუქრება, რადგან უკრაინა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თავდასხმებს აძლიერებს. ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს.
მისივე თანახმად, თავდასხმებმა აიძულა რუსეთი, რომ თავისი გემები საფრთხეს განერიდებინა, რათა ფლოტის იქ ყოფნა შეენარჩუნებინა, იმ ფონზე, როდესაც კიევი აშშ-სა და ევროპას დაუახლოვდა.
ფაქტი დაფიქსირდა თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც პუტინმა ყირიმის ანექსია მოახდინა. უპილოტო და სარაკეტო შეტევები უკრაინას საშუალებას აძლევს, რომ შავ ზღვაზე რუსეთის საზღვაო დომინირება დაძლიოს.
„რუსული ხომალდებისთვის ყირიმის არცერთი პორტი უსაფრთხო აღარ არის,“ - ციტირებს გამოცემა მოსკოვის სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის რუსლან პუხოვის სიტყვებს.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ფაქტი იმის დასტურია, რომ ყირიმი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორია.
„რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის.
ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები,“ - აღნიშნა დანილოვმა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაფსის განცხადებით, ფეოდოსიის პორტში რუსული სადესანტო გემის განადგურება აჩვენებს, რომ მოსაზრება, თითქოს, უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია, არასწორია.
„პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ისინი, ვინც თვლიან, უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხშია, ცდებიან! მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა.
შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას,“ - ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ამასთან, აშშ-ის სახელლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთთან ომში უკრაინის ოთხ მიღწევას შორის სწორედ შავ ზღვაზე კიევის წარმატება დაასახელა.