სხვადასხვა ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპისა და ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავების საკითხს ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ აშშ-ის სენატის, გერმანიის ბუნდესტაგის, ბრიტანეთის თემთა პალატის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.

როგორც წერილშია ნათქვამი, ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სისუსტე გამოააშკარავა.

საპარალმენტო კომიტეტების ხელმძღვანელები ქართველებს მოუწოდებენ, იზრუნონ პოლიტიკური გამოსავლის ძებნისთვის და არ მიმართონ იმ ტიპის პრაქტიკებს, რომელიც "ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვებმა გამოიყენეს".

დიპლომატები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მათი თქმით,ძალადობისა და თავისუფლებაზე მიტანილი იერიშის შედეგად საქართველოს ევროატლანტიკური კურსი თავდასხმის ქვეშ არის.

"ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით განხორციელებულმა შტურმმა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოააშკარავა.

მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ ბოლო წლებში აღმოცენებული პრობლემებისთვის პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად და არ მიჰყონ ხელი იმ ტიპის პრაქტიკას, რომელიც სხვებმა გამოიყენეს, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.

დესტაბილიზაციის გამომწვევი, ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ხაზს უსვამს ხელისუფლებაში მყოფი თითოეული პირის პასუხისმგებლობას, გამოიჩინონ თავშეკავება. მთელი ქვეყნისთვის დამდგარი შედეგები კი სწორედ მათი პასუხისმგებლობა იქნება, ვინც თავშეკავებას არ გამოიჩენს. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში არა ეჭვის, არამედ თავდასხმის ქვეშ არის ძალადობისა და თავისუფლებების შელახვის შედეგად", - ნათქვამია ერთობლივ წერილში.

პავილიონისი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყველაზე გავლენიან თავმჯდომარეებთან ერთად გამოქვეყნებული განცხადების შესახებ ამბობს, რომ ეს დასტურია საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ერთობლივი გამკლავებისა.

"კრემლის მცდელობები და ინფორმაციული შეტევები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ყველა ჩვენგანის დაყოფას, განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა.

სოლიდარობის ეს ერთობლივი განაცხადი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყველაზე გავლენიან თავმჯდომარეებთან ერთად, ... კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ მარტონი საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავებაში, ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობის ხაზგასმით ძალადობის წაქეზებასა და თავისუფლების წინააღმდეგ მიტანილი იერიშის გამო", - განაცხადა პავილიონისმა.