ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა დაშეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე დროს იქნება შესაძლეებლი სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაციაც.
გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ. გვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.
ცენტრმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2021 წლის ცნობარი გამოაქვეყნა.
ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
ცნობარში ასევე მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.
ცნობარის მიხედვით, 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება.
ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.
მათემატიკა - 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 საათი, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).
ფიზიკა და ქიმია - ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 63.
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.
2021 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში,ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოში.