„ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ ამ სიტყვებით დაბრუნდა პოლიტიკაში 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ყრილობაზე შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილმა სიტყვითაც მიმართა.
- პოლიტიკაში დაბრუნების კონტექსტში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი“ და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“ ახლა მისი მხრიდან „ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს.“
მან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზების კონტექსტში ისაუბრა ოპოზიციაზეც.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. „განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.“ მისი შეფასებით, ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში.“
„ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.
„ის დარწმუნებულია, რომ ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა.“
მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნება“ 2012 წლის ხაზს გაჰყვება და რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ გავყვებით იგივე ხაზს, რასაც 2012 წლიდან მოვყვებით – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ და გახსოვთ, რაც იყო მანამდე. ამ ხაზით და მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი დღეს 60 პროცენტამდეა და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
- რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ერთადერთი, რისი გათვლაც ვერ შეძლო,“ სწორედ გიორგი გახარიას უკავშირდება.
„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.