რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას მარტიდან ნაწილობრივ შეუერთდებიან


ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას საჰაერო და საზღვაო საზღვრებით შეუერთდებიან. ევროკომისიის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება რუმინეთთან და ბულგარეთთან 2024 წლის მარტიდან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შესახებ. სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულს ისტორიული მომენტი უწოდა.


„დღეს ისტორიული მომენტია ბულგარეთისა და რუმინეთისთვის… და დიდი სიამაყის დღე რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის. მარტის მდგომარეობით ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაკვეთონ შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრები სასაზღვრო კონტროლის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად შენგენის ზონისთვის. ვულოცავ ბულგარეთს და რუმინეთს,“  - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.


ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს პოზიცია შეცვალა.