NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი 2024 წლის მიზნებზე საუბრობს.
NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“
- საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი: 2023 წლის დასასრულს ვუახლოვდებით და სიამოვნებით მინდა, გავიხსენო ამ წლის NATO-საქართველოს ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი.
- NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
მოკავშირეები განაგრძობენ საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება და მედეგობა, განახორციელოს საკვანძო რეფორმები და საბოლოოდ, NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მიაღწიოს.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული, აგრესიული ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.
ის, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მჭიდროა, თბილისში მაღალი დონის ვიზიტებით, მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რამდენიმე ვიზიტითა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირები ასევე არაერთხელ ეწვივნენ NATO-ს სათაო ოფის და ასევე დაესწრნენ NATO-ს წლევანდელ სამიტს ვილნიუსში.
ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო.
მომავალ წელს, ჩვენი გუნდი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს.
ახალ წელთან ერთად მინდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მივულოცო. ჩვენი აზრით, ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა. მოვუწოდებ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი, რათა NATO-სკენ მიმავალ გზაზე შემდგომ წინსვლას მიაღწიონ.“