მიწისძვრით დაზარალებულ იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე.


„ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი, 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეებს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხოთ. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა, თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ“, –  განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ.


იაპონიაში საქართველოს ელჩი მიწისძვრის დროს ოჯახთან ერთად მატარებლით გადაადგილდებოდა სწორედ სტიქიური უბედურების ზონაში. მიწისძვრის გამო მათი მატარებელი გაჩერდა და ერთი დღის განმავლობაში მატარებლის მგზავრებს, მათ შორის, ელჩს, ოჯახთან ერთად, სადგურში მოუწიათ ღამის გათევა.

„სწორედ იმ მომენტში, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე და ჩემი ოჯახი ვიმყოფებოდით ზუსტად იმ რეგიონში, დაახლოებით 150 კმ-ის მოშორებით ვიყავით. ერთ საათში უნდა ჩავსულიყავით კანაზავის სადგურზე. კანაზავა არის იშიკავის დედაქალაქი. ვაგონში უცბად ჩაქრა შუქი და გამოაცხადეს, რომ მატარებელი ცოტა ხანს უნდა შეჩერებულიყო. მაგ მომენტში ეგრევე ვიგრძენით დიდი მიწისძვრა და საკმაოდ შევშინდით, რადგან ეს მატარებელი ჩქაროსნულია და ძალიან სწრაფად მიდიოდა. შემდეგ ინტერნეტით გავიგეთ, რომ დიდი მიწისძვრა იყო სწორედ კანაზავის რეგიონში. ჩვენს ოჯახს რაც შეეხება, ახლა ვართ კარგად, თუმცა ვინაიდან დიდხანს არ აღდგა მიმოსვლა, მთელი ღამის გატარება მატარებელში მოგვიწია. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან საკმაოდ დიდი არეულობა იყო. არ მუშაობდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენ გვჯეროდა, რომ მალევე გაუმკლავდებოდა იაპონური მხარე ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. დილით უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გადაგვიყვანდნენ სხვა სადგურში და იქიდან შევძლებდით ტოკიოში დაბრუნებას.


მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად გვაწვდიდნენ საკვებ პროდუქტს და წყალს. კარგად იყო მოწყობილი ეს სადგური და სხვა რამე პრობლემა არ შეგვქმნია. სამწუხაროა, რომ ახლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები იმ რეგიონში. ბევრი ადამიანის გადარჩენას ჯერ კიდევ ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მიწისძვრა იყო იაპონიაში, მაინც მგონია, რომ მსხვერპლი მინიმალურია, თვითონ შენობები და ინფრასტრუქტურა არის უმაღლეს დონეზე გამართული და ასევე, იაპონიის მთავრობასაც, სხვადასხვა სტრუქტურებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, კრიზისთან გამკლავებას ვგულისხმობ. ამიტომაც შეძლეს მეტ-ნაკლებად თავის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდა და მას ცუნამიც მოჰყვა,“ – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე: +81 80 7933 5060.