“ლელო”: კატეგორიულად ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, მათ შორის "კარვების ქალაქს"

"ლელო" კატეგორიულად ვემიჯნებით, ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, მათ შორის აქტივისტების ინიციატივას "კარვების ქალაქზე", - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

ხაზარაძის თქმით, ის პატივს სცემს რუსთაველზე ახალგაზრდა აქტივისტების ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით.

"თუმცა ახლა, ისედაც ვერ მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირების დრო არ არის. რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალი არ არის. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ ამას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ. იმედი მაქვს… საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და ისინი მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში. ვიმედოვნებ საერთაშორისო რეაქციებზე დაყრდნობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის “ნორმალური დიალოგი” შედგება.”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტები, მოძრაობიდან “საქართველოსთვის”, ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ 3 მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირი (სამანქანო გზა) კარვებით გადაიკეტება.