უკრაინა იტალიისგან „რუსულ პროპაგანდაზე“ რეაგირებას ელის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ქალაქ მოდენაში დაგეგმილ გამოფენას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის მარიუპოლის თითქოსდა "კეთილდღეობას" ეძღვნება, პროვოკაციას უწოდებს. უწყების სპიკერის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაავალა უკრაინის საელჩოს რომში, რომ ოფიციალური მიმართვა მოამზადოს.


მისი თქმით, ოფიციალურ დონეზე, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, სამინისტრო ამ პროპაგანდისტულ მოვლენაზე შესაბამის რეაქციას ელის.


მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ მოდენაში გაიმართება ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი მარიუპოლის სავარაუდო "სწრაფად აღდგენას."