პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება - მეუფე იაკობი სააკაშვილის შეწყალებაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "არ გაუკვირდება" თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მან საპატრიარქოში, პატრიარქ ილია მეორის იუბილეზე მისვლისას ჟურნალისტებთან ისაუბრა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„პრეზიდენტს დისკრეცია აქვს, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება. პრეზიდენტისგან არაფერი არ გამიკვირდება. რასაც ვხედავ, შეუძლია, შეიწყალოს." - ჟურნალისტის კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი, ბოდბელი ეპისკოპოსი პასუხობს: "საპატიმროში კარგა ხანია, არ მინახავს, მე მგონი, მშვენიერ პალატაშია."


მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისთვის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.

სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.