უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყა

უკრაინა 4 იანვარს აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტზე ევპატორიასთან ახლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიში მიიტანა.

მანამდე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა.


უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამის საშუალებით გადაუხადა მადლობა პილოტებს და "ყველას, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, სრულყოფილი საბრძოლო საქმისთვის."


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს უკრაინის შეტევა, თუმცა განცხადება არ გაკეთებულა უშუალოდ ევრპატორიაში აფეთქებაზე.

რუსეთის მიერ „დანიშნულმა“ ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ "საჰაერო ძალების რეგულარული საშუალებებით ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე განადგურდა" უკრაინის 10 რაკეტა. მისი თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა რაკეტის ნამტვრევის ჩამოვარდნის შედეგად. რაზვოჟაევი ამბობს, რომ სამაშველო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, რომ სევასტოპოლში გაისმა 10 აფეთქების ხმა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს.


რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.