სლოვაკეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

სლოვაკეთმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გადაწყვიტა.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დახმარების ჯამური ღირებულება 203 492 ევრო იქნება.

ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც 21 ტონას იწონის, მოიცავს ელექტრო გენერატორებს, გამათბობლებს, ტანსაცმელს და პირველადი დახმარების კომპლექტებს. 

დახმარების მიმღებები იქნებიან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული საწარმო Donetskteplokomunenergo და დონეცკის ოლქის პოკროვსკის საქალაქო საბჭო.


სლოვაკეთის ყოფილი მთავრობა მტკიცედ უჭერდა მხარს უკრაინას და აწვდიდა სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, საბრძოლო მანქანებს, ასევე, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემებს და MiG-29 თვითმფრინავებს.

25 ოქტომბერს რობერტ ფიცო ოფიციალურად გახდა სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. მან განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუგზავნის.

ფიცო მიიჩნევს, რომ ომი არის "გაყინული კონფლიქტი", რომელიც, სავარაუდოდ, ვერ გადაიჭრება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გაგზავნით.