ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა 26 თებერვალს, როცა უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეშვიდე წლითავი აღნიშნა.
"ამ მწუხარე წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მარტივ სიმართლეს: ყირიმი არის უკრაინა.
შეერთებული შტატები არ ცნობს და არც არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით, რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთმა პასუხი აგოს", - განაცხადა ბაიდენმა.