შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობისა და გაზის სამძებრო სამუშაოები დაიწყება

შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობისა და გაზის სამძებრო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, “აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია „OMV Petrom SA“ საქართველოში ნავთობსა და გაზს მოიპოვებს.

“25 თებერვალს ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამით საქართველო შეურთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია „OMV PETROM S.A.“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.