კანადისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მელანი ჯოლიმ და ანტონიო ტაიანმა რუსული აგრესიის შეკავებაში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ მელანი ჯოლიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
„ჩვენ განვიხილეთ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა და ჩვენი შესაბამისი ჩართულობა ინდო-წყნარ ოკეანეში,“ - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადა უკრაინას თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უწევს. გასული წლის დასაწყისიდან კანადის სხვადასხვა სახის დახმარებამ უკრაინისთვის, მათ შორის, ჰუმანიტარულმა და ფინანსურმა დახმარებამ, 7,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.