ანდრია ჯაღმაიძე: პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა სამების ტაძარში არსებულ ხატთან დაკავშირებით და დღესასწაულის სკანდალის გადაფარვის მცდელობაზე მიუთითებს. ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ის, რომ „ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში, არაფრის მომცემია და ეს მეორადი საკითხია, ისიც, რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის.“


„მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა. ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს.


ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც," - აცხადებს ჯაღმაიძე. ის ფიქრობს, რომ "ეს არის მიზანმიმართული ტაქტიკა, რომ არ მივიდეს მაყურებლამდე ნამდვილი შინაარსი დღესასწაულისა."


„შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა, სტალინზე ფიქრობს. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს. რეალურად დასცინიან მსმენელს. ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაში ჩაფლული, მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს, ეს ოცი საუკუნის წინ. და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში," - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" ანდრია ჯაღმაიძე.


დეკანოზმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა:

„ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და მოლოდინი ჰქონდა, ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული. ვერავინ შენიშნა, რომ ქრიტე მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი იშვა, ვერავინ გაიხარა ამით გარდა მწყემსებისა. - რატომ არ ელოდა ხალხი მის მხსნელს? - არ ეცალათ - რატომ არ ეცალათ? - ალბათ ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად. რა საბრალონი იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ დიდ საიდუმლოზე ეფიქრათ იმ დღეს, ჰეროდეზე ფიქრობდნენ და მათ გულში ქრისტეს ნაცვლად ჰეროდე პოულობდა ადგილს. მე კი გილოცავთ გულით ქრისტეს შობას, თქვენს გულებში იპოვოს სამყოფელი ახალშობილმა, ყრმა იესომ," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.


სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.

მისივე თქმით, ეს სინამდვილეში არა სტალინის ხატი, არამედ წმინდა მატრონას ხატია, სადაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი - სტალინთან შეხვედრაა ასახული.