„ატომური ბომბის მამაზე“ გადაღებულმა ფილმმა „ოქროს გლობუსი“ მიიღო

ლოს-ანჯელესში პრესტიჟული კინოპრემიით, „ოქროს გლობუსით", დაჯილდოების 81-ე ცერემონია გაიმართა. „ოქროს გლობუსი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად ითვლება.

საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს „ოპენჰაიმერი“, რომელმაც კიდევ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.


ბიოგრაფიული დრამა ამერიკელი ფიზიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის დროს ოპენჰაიმერი „მანჰეტენის პროექტს“ - ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას ხელმძღვანელობდა, რის გამოც ხშირად მას „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ.


რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოქროს გლობუსი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამავე ფილმისთვის მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს უმცროსი რობერტ დაუნი.

„ოპენჰაიმერის“ რეჟისორს, კრისტოფერ ნოლანს, „ოქროს გლობუსი“ გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს, ხოლო ლუდვიგ გორანსონს - საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის.