ავტორიტეტიანმა ამერიკულმა გამოცემა Time-მა 10 გლობალური რისკის შესახებ რეიტინგი გამოაქვეყნა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში 2024 წლის გლობალურ საფრთხეთა ათეულის სამეულშია.
Time-ის რეიტინგში 2024 წლის გლობალურ რისკებს შორის ასევე მოხვდა უმართავი ინტერნეტ-ტექნოლოგიები, „ბოროტმოქმედთა ღერძი“ რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის კოორდინირებული მოქმედების სახით, ჩინეთის ეკონომიკის ვარდნა და სოციალური არასტაბილურობის გაზრდა, სასარგებლო წიაღისეულისთვის ბრძოლა, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება და ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენის, ელ-ნინიოს პიკი.
რაც შეეხება პირველ სამეულს, გამოცემის პროგნოზით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას, ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს ამერიკულ დემოკრატიას და შეარყევს შეერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტს.
მეორე ადგილზეა ისრაელის და ჰამასის დაპირისპირების გამო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე მყოფი ახლო აღმოსავლეთი და საბრძოლო მოქმედებებში აშშ-ის და ირანის ჩართვის საფრთხე. ეს კონფლიქტი სარისკოა მსოფლიო ეკონომიკისთვის და გააძლიერებს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ უთანხმოებებს და გლობალურ ექსტრემიზმს.
მესამე ადგილზეა უკრაინის დაყოფა.
Time-ის შეფასებით, ამჟამად ბრძოლის ველზე ინიციატივას რუსეთი ფლობს და მატერიალური უპირატესობაც აქვს. 2024 წელი გარდამტეხი იქნება და თუ უახლოეს ხანში უკრაინა ვერ მოაგვარებს საკადრო პრობლემებს, არ გაზრდის იარაღის წარმოებას და არ შეიმუშავებს რეალურ სამხედრო სტრატეგიას, მისი ტერიტორიული დანაკარგები შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს და გაიზარდოს კიდეც.