ექიმი ფაუჩი: მადლიერების დღის აღნიშვნისგან, წელს, თავი უნდა შევიკავოთ

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასურველია, ამერიკელებმა თავი შეიკავონ მადლიერების დღის ტრადიციული აღნიშვნისგან.

ექიმი ფაუჩის თქმით, წელს, დიდი ოჯახური თავყრილობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა, შორი ადგილებიდან მოუწევთ მგზავრობა, არაა რეკომენდებული. ექიმის თქმით, ეს ვირუსის გავრცელების რისკებს გაზრდის.

ტელეკომპანია CBS-სთან საუბრის დროს, ფაუჩიმ თქვა: "ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვსაუბრობთ ნათესავებზე, რომლებიც თვითმფრინავით აპირებენ მგზავრობას, რისკის ქვეშ დგებიან აეროპორტში, თვითმფრინავში, შემდეგ კი კარს აღებენ და ამბობენ: "გილოცავთ მადლიერების დღეს".

ფაუჩი ამბობს, რომ ასეთ დიდ თავყრილობებს, განსაკუთრებით, უნდა მოერიდონ ისეთი ოჯახები, სადაც მოხუცები, ან სხვა, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან.

თავად ფაუჩიმ, რომელიც 79 წლისაა, განაცხადა, რომ მადლიერების დღეს, შვილები მასთან არ ჩავლენ. ექიმის განმარტებით, ისინი სამ სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ და სახლში დასაბრუნებლად, თვითმფრინავით მოუწევთ გადაფრენა, რაც მისი აზრით, რისკის ფასად არ ღირს.

ფაუჩის ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თქვა, რომ მცირე ტიპის შეკრებებიც კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. ცენტრის რეკომენდაციები ემთხვევა ექიმი ფაუჩის რეკომენდაციებს მადლიერების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, ეს დღესასწაული მხოლოდ ვიწრო წრეში, იმ ადამიანებთან ერთად აღნიშნონ, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ.

მადლიერების დღე, ამერიკაში 1621 წლიდან აღინიშნება. ნოემბერში, ამერიკელები იხსნებენ ევროპელი მოახალშენეების კონტიტენტზე ჩამოსვლას და პირველ უხვ მოსავალს. გადმოცემის თანახმად, მაშინ ახალმა მოსახლეებმა, ადგილობრივი მოსახლეობა, ინდიელი-ამერიკელები დაპატიჟეს, რათა მადლობა გადაეხედათ იმისთვის, რომ მოსავლის მოყვანა ასწავლეს.

1863 წელს, პრეზიდენტმა, აბრამ ლინკოლმა მადლიერების დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ამ დღეს ამერიკელები ისვენებენ და ოჯახთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნავენ. ტრადიციული სუფრის განუყოფელი კერძი კი შემწვარი ინდაურია. ინდაური მადლიერების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თეთრ სახლში, 2 ინდაურს იწყალებს და დაკვლისგან გადაარჩენს ხოლმე.