NATO-ს წევრები კიევს მილიარდობით ევროს დახმარებას და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდნენ - NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის შედეგები

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კიევისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 2024 წელს „მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობების“ გამოყოფას გულისხმობს. ოთხშაბათს, 10 იანვარს, შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართა და უკრაინის მოთხოვნით იყო მოწვეული.


საბჭოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. ელჩებს და მოწვეულ შვედეთს ვიდეოკონფერენციით მიმართეს უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლექსი სერჰიეევმა.


„დღეს, მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის ძირითადი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ბევრმა მოკავშირემ გამოთქვა გეგმები მილიარდობით ევროს შემდგომი შესაძლებლობების მიწოდების შესახებ,“ - ნათქვამია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO მკაცრად გმობს რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით.

  • „პუტინი მეორე წელია, ცდილობს მასიური დარტყმებით უკრაინის გატეხვას, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის გადაწყვეტილებას. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, როდესაც ისინი რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში იბრძვიან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, NATO-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ნატალია ჰალიბარენკომ განაცხადა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ გამონაკლისის სახით დაადასტურა, რომ მომავალშიც გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას.

„ყველას ესმის, რომ ეს ხანგრძლივი ომია. ამიტომ არსებობს იმის გაგება, რომ დახმარებაც უწყვეტად უნდა მოდიოდეს,“ ციტირებს ჰალიბარენკოს სიტყვებს „ინტერფაქს-უკრაინა.“


კიევი ელის, რომ NATO-უკრაინის საბჭოს მორიგი შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.


„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აგრძელებენ," - განაცხადა დმიტრო კულებამ.


მანამდე, უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის უფროსის მოადგილემ და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა იჰორ ჩერნიევმა განაცხადა, რომ 10 NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იქნებოდა. მისი თქმით, თავდასხმის მოგერიებისას უკრაინას მოუიწია საჰაერო თავდაცვის რაკეტების მნიშვნელოვანი ოდენობის დახარჯვა და ეს მარაგი უნდა შეივსოს. 


ჩერნიევმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ზოგჯერ იყენებენ საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რაკეტას ერთი რუსული რაკეტის ჩასაჭრელად, განსაკუთრებით, თუ შეტევა მასიურია. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ჰაერიდან ეფექტიანი თავდაცვისთვის უკრაინას ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა სჭირდება.

„გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი სისტემები, როგორიცაა, Patrioteb-ი, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქები ბალისტიკური რაკეტებისგან. ეს პრობლემა აქტუალურია და ამიტომაც იყო NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა ასე სწრაფად მოწვეული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგი იქნება," აღნიშნა ჩერნიშევმა.

საბჭოს სხდომა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა. სხდომა რუსეთის მასიური რაკეტებისა და დრონების თავდასხმების საპასუხოდ ჩაინიშნა.

NATO-უკრაინის საბჭო 2023 წლის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა. საბჭო NATO-სა და უკრაინას შორის ერთობლივი კონსულტაციების, გადაწყვეტილების მიღებისა და საქმიანობისთვის იკრიბება.