საგარეო უწყება: ხარკოვში სარაკეტო დარტყმისას, საქართველოს მოქალაქე მსუბუქად დაშავდა

Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ხარკოვში სარაკეტო დარტყმის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო საქართველოს მოქალაქემ, მას ქალაქის საავადმყოფოში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გამთენიისას დატოვა საავადმყოფო.


ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გასული ღამით განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა შორის საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე იყვნენ. ისინი თურქული მედიის წარმომადგენლები არიან.

ხარკოვის პროკურატურის ცნობით, 10 დეკემბერს ღამით განხორციელებული სარაკეტო შეტევისას სასტუმროში მყოფი 13 ადამიანი დაშავდა. 3-სართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის მუხლით. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქ ხარკოვზე წუხანდელი შეტევა ბელგოროდის ოლქიდან იყო.