ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს

„თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა პროექტი სახელწოდებით „მშვიდობის გაჯვარედინი“. ეს პროექტი სავარაუდოდ ითვალისწინებს კომუნიკაციების განვითარებას აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. თუმცა, აზერბაიჯანი ამ წინადადებას უკვე სამი წელია აყენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მას ახალი ინიციატივა უწოდა. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე?“ ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში.


„რა თქმა უნდა, არა. თქვენ ალბათ კარგად იცით - ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პიარ კამპანიაა. მოგეხსენებათ, სომხეთმა არ შეასრულა 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულება და ფაქტიურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს. ამიტომაც გამოვიდნენ ასეთი წინადადებით, რომ გადაფარონ და ამავდროულად უგულებელყონ „ზანგაზურის დერეფნის“ სიტყვათა კომბინაცია. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიტყვათა კომბინაცია „ზანგაზურის დერეფანი“ რაღაცნაირად ძალიან აღიზიანებს მათ.


მე მათ ვეუბნები, რომ დერეფანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს, არის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანიც, მაგრამ რატომღაც სომხეთში ამ დერეფნისადმი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. ამიტომ დაარქვეს მას ჯერ სომხური გზაჯვარედინი და შემდეგ „მშვიდობის გზაჯვარედინი,“ მაგრამ ეს რეალურად სხვა არაფერია თუ არა პიარ კამპანია,“ - განაცხადა ალიევმა.

ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.