შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში - ტურნეს იწყებს და ის 3 მარტამდე გაგრძელდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 28 თებერვალს ეწვევა კიშინიოვს, სადაც მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება.

მოლდოვის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება. შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საოკუპაციო ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა.

საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობებისა და COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლის გარდა, დღის წესრიგში იქნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.