უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თავის წლიურ დოკუმენტში მიუთითებს, რომ საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო.“
„მსოფლიო ანგარიში 2024“ ხუთშაბათს, 11 იანვარს გამოქვეყნდა.
ყველაზე მწვავე საკითხებს შორის, რომლებიც დომინირებდა შარშან ქართულ პოლიტიკაში, ნახსენებია დაძაბულობა 12 რეკომენდაციის მთავრობის მიერ შესრულების გარშემო, რომლებიც ევროკავშირმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად განუსაზღვრა და რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს.
როგორც „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით არის აღნიშნული, ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა. ამასთან, უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა „აგენტების შესახებ კანონის“ გასაპროტესტებლად შეკრებილთა მიმართ.
„ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავაც რჩებოდა პასუხისმგებლობის დეფიციტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებისთვის, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მედიაზე თავდასხმას, ისევე, როგორც შრომის უსამართლო პირობებს. ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ შევიდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების (ლგბტ) უფლებები,“ წერია ანგარიშში.
Human Rights Watch-ის ანგარიში ხაზს უსვამს მთავრობის წარმომადგენელთა „მტრულ რიტორიკას“ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით. ანგარიშში ნათქვამოა, რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა.
დოკუმენტის თანახმად, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შეშფოთება გამოხატა „უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული სისტემატური ძალისხმევის“ გამო, მათ შორისაა მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამების კამპანიები სოციალურ ქსელებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექტემბერში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სავარაუდო „შეთქმულების“ თაობაზე, რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID აფინანსებდა და რომელიც მიზნად ისახავდა აქტივისტების გადაბირებას საზოგადოებაში არეულობის დასათესად და საქართველოს მთავრობის დამხობას.
„აშშ-ის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ანგარიშის დაწერის მომენტისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ათობით აქტივისტი დაკითხეს, მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, რათა არ დაეშვათ ამ საქმის საჯაროდ განხილვა,“ აღნიშნავს Human Rights Watch-ი.
ანგარიშის ავტორები „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასაც ეხებიან.
„ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ არავინ დაუკავებიათ თავდასხმასთან დაკავშირებით,“ წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია. მარტში მიღებულ 2023-2030 წლების ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანების უფლებები, განსხვავებით წინა პერიოდის დოკუმენტისგან. ქართული ჯგუფებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შემდეგ მთავრობამ პირობა დადო, რომ დოკუმენტის ნაკლოვანებებს შეავსებს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ტრანსგენდერებს არ მისცა საკუთარ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული მარკერის შეცვლის უფლება სქესის შესაცვლელი სამედიცინო პროცედურების გაუვლელად.
Human Rights Watch-ი ასევე მიუთითებს ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუციაზე, რომელშიც „სერიოზული შეშფოთებაა“ გამოხატული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ უცხოეთში.
ანგარიში ასევე ეხება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს. დოკუემნტში ასევე მოხვდა შრომითი უფლებების საკითხიც. აღნიშნულია, რომ გარკვეული საკანონმდებლო გაუმჯობესების მიუხედავად, შრომითი უფლებები კვლავ შეშფოთებას იწვევს. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულაციები სუსტია, პროფკავშირებს არ აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტიანად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები.