შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდა

NATO თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მიერ შავ ზღვაში ერთობლივი მისიის დაწყებას მიესალმა.

„ჩვენ მივესალმებით, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ერთად მუშაობენ შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ნავიგაციის უფრო დიდი თავისუფლებისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - წერს NATO-ს პრესსპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა.


„MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე.


„მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი.


ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.