აშშ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ სანქციებს აწესებს. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სანქციებს ერთი ფიზიკური პირისა და სამი სუბიექტის მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისთვის იარაღის გადაცემასა და რუსეთის მიერ DPRK-ს წარმომავლობის ბალისტიკური რაკეტების გამოცდაში 2023 წლის ნოემბრის ბოლოდან.
აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი.
შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.
ცნობისთვის, 10 იანვარს ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა.